ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის გორის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი ვალტერ გიორგაშვილი და ამავე სამმართველოს მთავარი ვეტსპეციალისტი მარი გაჩეჩილაძე.
ვალტერ გიორგაშვილი და მარი გაჩეჩილაძე ცალკეულ მეწარმე სუბიექტებზე და ფიზიკურ პირებზე სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის პროდუქტებზე, ტრანსპორტირებისა და შემდგომი რელაიზაციისათვის, ლაბორატორიული გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ სპეციალურ ცნობებს, რაშიც ქრთამის სახით გარკვეული ოდენობის თანხებს იღებდნენ.
სამართალდამცველებმა ვ.გიორგაშვილი და მ. გაჩეჩილაძე მაშინ დააკავეს, როცა მათ ერთ-ერთ მეწარმეს გამოართვეს ქრთამი -150 ლარი და სანაცვლოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ორი ვეტერინარული მოწმობა გადასცეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.