საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორმანდიის რეგიონში, სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც სულ მცირე 44 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევა პარასკევს, რუანის სამხრეთით მდებარე მუნიციპალიტეტ კლეონთან მოხდა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის, ფილიპ ტაბაროს განცხადებით, ნორმანდიაში, რუანიდან კანის მიმართულებით მოძრავ რეგიონულ ექსპრესში დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა.
საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მატარებელი ლიანდაგებიდან მას შემდეგ გადავიდა, რაც დაუდგენელ საგანს შეეჯახა. ერთ-ერთი ვაგონი გადაბრუნდა, კიდევ ოთხი კი ლიანდაგებიდან გადავიდა.
ტაბაროს თქმით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა 140 მეხანძრე და სხვა საგანგებო სამსახურების თანამშრომლები. დაშავებულებს შორის არის 18 წლის გოგონა, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ის კრიტიკულ მდგომარეობაში ვერტმფრენით რუანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორმა SNCF-მა განაცხადა, რომ ამ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა მნიშვნელოვნად შეფერხდა და მგზავრების გადასაყვანად დამატებითი ავტობუსები გაუშვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიასთან გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.