სააპელაციო სასამართლომ სპორტის აკადემიის ადვოკატების მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სპორტის აკადემიის ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ყოფილი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის გოკა გაბაშვილის და ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვას მოითხოვდნენ. სპორტის აკადემიის წარმომადგენელთა განცხადებით, ნოღაიდელმა და გაბაშვილმა ხელი მოაწერეს სპორტის აკადემიის გაუქმებას.
სპორტის აკადემიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აკადემიის გაუქმება მოხდა ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა კორუფციული გარიგების შედეგად, რომლის მთავარი მოტივაცია იყო სპორტის აკადემიის კუთვნილი ტერიტორიის (40.761 კვ/მ) გაყიდვა.
თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ, მოსამართლე ჯუმბერ რუსიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის აპელაციის განხილვა 20 იანვარს დაიწყო.
პირველ ინსტანციაში თბილისის საქალაქო სასამართლო 2 წელიწადი იხილავდა აღნიშნულ საქმეს.