ხვალ, 18 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას სასამართლო პროცესი განახლდება. პროცესი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დახურულ რეჟიმში წარიმართება.
ამჟამად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნება მიმდინარეობს. საქმის 5-ტომეულიდან მტკიცებულებების გამოქვეყნების პროცესი გრძელდება და პროცესი, 2010 წლის 5 მაისისათვის უნდა დასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ მაისაიას ჯაშუშობა ედება ბრალად. პროკურატურა მაისაიას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
ვახტანგ მაისაიასათვის სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯაშუშობისთვის თავისუფლების აღკვეთას, ვადით 12 წლამდე ითვალისწინებს. მაისაია 2009 წლის 5 მაისს დააკავეს, ხოლო აწ უკვე განთავისუფლებული პოლკოვნიკი ირაკლი ბატკუაშვილი 6 მაისს.
გამოძიების ინფორმაციით, მაისაია ამზადებდა და დაშიფრული სახით, ელექტრონული ფოსტით სპეცსამსახურებს უგზავნიდა სხვადასხვა ინფორმაციას, რომელთა ნაწილი სახელწიფო საიდუმლოებას შეიცავდა, მათ შორის, ინფორმაციას საქართველოში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა და სამთავრობო ცვლილებების შესახებ.
მაისაიას აღიარებითი ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი 2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების, სამხედრო ტექნიკის რაოდენობის და დისლოკაციის ადგილების შესახებ ინფორმაციას საათობრივად აწვდიდა დამკვეთს.
ქართული უფლებათადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ექსპერტს ჩვენების მიცემა ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით მოუწია.