ხვალ, 25 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში "პრეზიდენტის" თანამდებობაზე კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის. ესენი არიან: ე.წ. უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ ტიბილოვი, ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველი დავიდ სანაკოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩი" რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.
ოსური მხარის ინფორმაციით, ყველა ე.წ. საარჩევნო უბანი არჩევნებისათვის უკვე მზადაა. სულ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, 84 ე.წ. საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ორი სოფელ რუკში "ჩრდილოეთ ოსეთში მაცხოვრებელი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის" და ერთიც - მოსკოვში.
სულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ამომრჩეველთა სიაში შეტანილა 34 360 ამომრჩეველი და დამზადებულია 40 ათასი ბიულეტენი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის "კანონმდებლობის" მიხედვით, არჩევნები შემდგარად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 50 % და + 1 ხმა მიიღებს.
ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებზე 40 დამკვირვებელზე მეტს ელიან. ოსური მედიის ინფორმაციით მათი უმრავლესობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე ჩავიდა. თითქმის ყველა ე.წ. დამკვირვებელი რუსეთის ფედერაციიდანაა. ე.წ. არჩევნების დღეს საინფორმაციო ცენტრი მუშაობას 09:00 საათზე დაიწყებს.
ოსური მხარე ასევე იუწყება, რომ ე.წ. არჩევნების გაშუქებისათვის "ცესოკში" აკრედიტაცია 60 ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა.