ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიას ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი პარლამენტში ტარზან კოკოითი გამოეთიშა. მან ე.წ. ცესკოში განცხადება შეიტანა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის ბელა ფლიევას ინფორმაციით, "ცესკოში განცხადება დღეს შევიდა და იგი გათვალისწინებულია".
"ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მე დიდი ხანი ვფიქრობდი და მივიღე გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პროცესიდან გასვლის შესახებ. ამ მარათონში ჩემი მონაწილეობა მიზანშეწონილი არ არის", _ აცხადებს ტარზან კოკოითი.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" თანამდებობაზე პრეტენზიას ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით უკვე 17 ადამიანი აცხადებს. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედმა ე.წ. ცესკომ კანდიდატების მხარდასაჭერი სიების მიღების პოცესი უკვე დაასრულა. ამჟამად ე.წ. ცესკომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი სიების გადამოწმება უნდა დაიწყოს, რომლის პროცესშიც არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატთა ნუსხას რამდენიმე ადამიანი კიდევ გამოაკლდეს.
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატთა საბოლოო, დადასტურებული სია 29 თებერვალს იქნება ცნობილი.
ამჟამად კი კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: 1. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავღანეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე მურატ გუჩმაზოვი. 2. ე.წ. IV მოწვევის პარლამენტის დეპუტატი სერგეი ზასეევი. 3. ე.წ. II და IV პარლამენტის მოწვევის დეპუტატი ვლადიმერ ქელეხსაევი, 4. დძაურის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი რუსლან ბაგაევი, 5. მეწარმე ანატოლი ჯიოევი, 6. მეწარმე რუსტემ ჯიოევი. 7. ე.წ. კომპანია "იუგოცენტრსტრახ"-ის გენდირექტორი ფელიქს ბიტიევი. 8. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. იუსტიციის სამინისტროს მთავარი სასამართლო რწმუნებული სერგეი ბიტიევი. 9. ე.წ. ტრანსპორტის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მორის სანაკოევი. 10. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი. 11. მეწარმე ოლეგ კოზაევი. 12. ძიუდოს ფედერაციის ე.წ. თავმჯდომარე ინალ ძუგკაევი. 13. ადამიანის უფლებების დაცვის ე.წ. რწმუნებული დავიდ სანაკოევი. 14. ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი სერგეი ფლიევი. 15. ძაურის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი პაველ ქუმარიტოვი. 16. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ლეონიდ ტიბილოვი და 17. კომპარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.
ამ დროისათვის ე.წ. საპრეზიდენტო მარათონს უკვე გამოეთიშნენ: 1. ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ ალბოროვი. 2. ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი. 3. ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე როინ კოზაევი. 4. ე.წ. ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კაბისოვი და 5. ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი პარლამენტში ტარზან კოკოითი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის 25 მარტს უნდა გაიმართოს. მანამდე, გასული წლის 13 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების ე.წ. შედეგები ბათილად აღიარეს და ახალი ე.წ. არჩევნები დანიშნეს.