ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა უკრაინასთან შეათანხმეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი და მას ცეცხლის შეწყვეტისა და შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებები გადასცეს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ჰელსინკიში, ფინელ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან ფინელ და ნორვეგიელ კოლეგებთან განიხილა ამ დილით მათი ლიდერების პუტინთან, მოგვიანებით კი ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრები.
„მივესალმებით ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევასა და სამშვიდობო პროცესს ასეთ აქტიურ მხარდაჭერას. ეს საუბრები ჩვენთან იყო შეთანხმებული და ეს სწორი მიდგომაა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი: უკრაინას ამ ომის დასრულება სურს. ჩვენ გვაქვს რეალისტური წინადადებები და გადაწყვეტილებები. მზად ვართ როგორც ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტისთვის, ისე საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი სამართლიანი უნდა იყოს. ცალმხრივ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“, - აღნიშნა სიბიჰამ.
სიბიჰას თქმით, უკრაინა ცდილობს, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი შესძინოს და სამშვიდობო ძალისხმევაში ევროპის როლი განსაზღვროს.
„ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავისი ხედვა გააზიარა, რომლის შესახებაც ჩვენ მეგობრებს პუტინისთვის პირადად უნდა გადაეცათ სიგნალები. ეს სიგნალები მას უკვე გადასცეს. ცეცხლის შეწყვეტა... და კიდევ ერთი სიგნალი - პუტინთან შეხვედრა“, - განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს გარკვეულ დონემდე შეუძლია საკითხების განხილვა, თუმცა საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურებს შეუძლიათ.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინა მზად არის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა მშვიდობის დამყარება დავაჩქაროთ“, - აღნიშნა სიბიჰამ.