აშშ-ის ხელისუფლებამ სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ შესაძლოა მოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანია დაიწყოს.
ინფორმაციას The Wall Street Journal მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიპლომატიური და სამხედრო არხებით გავრცელებული ეს შეტყობინებები სულ უფრო მზარდი ნიშნების ნაწილია იმისა, რომ აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ მძიმე საბრძოლო მოქმედებების ახალი რაუნდის დასაწყებად ემზადებიან. ეს ზრდის სერიოზული ესკალაციის რისკს იმ იმედით, რომ თეირანის პოტენციალი შესუსტდება და მას მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებენ“, - წერს WSJ.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს ტეხასის შტატიდან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატანა და რეგიონში საბრძოლო მასალის მარაგების შევსება. გამანადგურებლები და ბომბდამშენები დარტყმების განსახორციელებლად მზად არიან.
მომდევნო თვეში ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ დაახლოებით 20 სამხედრო ხომალდს ავიამზიდის დამატებითი დამრტყმელი ჯგუფი და საზღვაო ქვეითთა დანაყოფი შეუერთდება.
ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არჩევნების შემდეგ მასშტაბური დარტყმის განხორციელებისკენ იხრება. შესაძლო სამიზნეებს შორის ირანის ინფრასტრუქტურა და ბირთვული ობიექტებია.
„ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი პატარა „ეპიკური მრისხანება“ მოვაწყოთ“, - განაცხადა ტრამპმა გასულ კვირას გამართულ მიტინგზე.