აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ The New York Times მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც იუწყებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები დიდი ხანია რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს კრემლის საერთაშორისო გავლენის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად მიიჩნევენ. წყაროების ცნობით, რუსი ოფიციალური პირები სანქციების მოხსნას უფრო ფართო მოლაპარაკებების ფარგლებში მოითხოვდნენ, რომლებიც ფონდის მონაწილეობით აშშ-ისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას ეხებოდა.
ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფონდის განაცხადს სანქციების მოხსნის შესახებ დადგენილი პროცედურების შესაბამისად განიხილავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიმართულია „აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ომის დასრულების ხელშეწყობისკენ“.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი სასარგებლო შუამავალი აღმოჩნდა.
აღნიშნულ ფონდს სანქციები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წელს დაუწესა.