თბილისი ენერჯის წარმომადგენლის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში, იმ ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ბოლო 1 წლის განმავლობაში არავინ ცხოვრობდა და შესაბამისად, შემოწმება არ მომხდარა, თუმცა, კონკკრტულად, ამ ტერიტორიაზე გეგმური შემოწმება წელიწადში ერთხელ ხორციელდება.
რაც შეეხება გაზის გაჟონვის შეტყობინებას, დეკანოიძის თქმით, გაზის სუნთან დაკავშირებით განაცხადიც არ დაფიქსირებულა და აღნიშნული ტერიტორიიდან 2 წელზე მეტია არ შესულა.
მისივე თქმით, მათმა თანამშრომლებმა ადგილის დათვალიერება ამ დრომდე, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს.
"სამწუხაროდ, ჩვენ თანამშრომლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილი დაგვეთვალიერებინა, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა ვერსია არ გვაქვს, გარდა იმის, რაც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებიდან.
წესის შესაბამისად, ქალაქში თითოეული სახლი წლის განმავლობაში მოწმდება, უსაფრთხოებაზე, თუმცა, კონკრეტულად მეხუთე სართულს რაც შეეხება, ამ ბინაში, 1 წლის განმავლობაში მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკეტილი ხვდებოდათ თანამშრომლებს ეს ბინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წლის განმავლობაში მას გადასახდელი თანხა არ ჰქონია.
შეტყობინებას რაც შეეხება - გასული 2 წლის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან არ გვქონია ინფორმაცია გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით, ვინმეს მოემართოს, რაც შეეხება შემოწმებას - შემოწმება ჩატარებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა, კონკრეტულად ეს ბინა დაკეტილი იყო და შესაბამისად შეღწევა ვერ მოხდა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.