19 ნოემბრის ღამეს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობსატუმბ სადგურ „კალეიკინოს“, სავარაუდოდ, დრონებით შეუტიეს. სადგურის გავლით ნედლი ნავთობი, მათ შორის, „დრუჟბის“ ნავთობსადენის სისტემას მიეწოდება.
ამის შესახებ გამოცემა Astra ვიდეოჩანაწერების ანალიზზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ქალაქ ალმეტიევსკის მცხოვრებლებმა სოფელ კალეიკინოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნავთობსატუმბი სადგური მდებარეობს, ძლიერი ნათება დააფიქსირეს.
Astra-ს OSINT-ანალიტიკოსის შეფასებით, ობიექტი შესაძლოა თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო და დაზიანებულიყო. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სადგურის მიმართულებით სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანებიც გადაადგილდებოდნენ.
ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ობიექტზე დარტყმის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობდა. უცნობია შესაძლო დაზიანების მასშტაბი და გავლენა ნავთობის გადატუმბვაზე.
„კალეიკინო“ კომპანია „ტრანსნეფტ-პიკამიეს“ სტრუქტურაში შედის. სადგური დასავლეთ ციმბირიდან, თათრეთიდან, უდმურტეთიდან და ბაშკირეთიდან მიღებულ ნავთობს იღებს და მის შემდგომ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, მათ შორის, „დრუჟბის“ ნავთობსადენის სისტემაში.