აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით გამართული სამმხრივი შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა.
„ჩვენ ნამდვილად ისტორიას ვქმნით“, - განაცხადა ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში.
მისი თქმით, აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვთ, იმსჯელონ მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირებისა და მისი გამოყენების რისკების თავიდან აცილების საკითხებზე.
„ჩვენ, სამივეს ბევრი რამ გვაქვს განსახილველი და, როგორც მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს, უკვე არაერთ საკითხზე გვიმსჯელია. ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, შევინარჩუნოთ ღია, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და პროდუქტიული დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ პლანეტაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, შეხვედრაზე მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომებს.
სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში იმართება. ეს სამი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების პირველი ოფიციალური სამმხრივი შეხვედრაა.
შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ცალკე გამართა მოლაპარაკებები სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან.