აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვენესუელა, შესაძლოა, მალე შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს. ამის შესახებ მან ტეხასის შტატში, ქალაქ კორპუს-კრისტიში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა.
„ვენესუელა აყვავებული ქვეყანა გახდება და ვინ იცის? შესაძლოა, მალე ის აყვავებული 51-ე შტატი გახდეს“, - თქვა ტრამპმა.
The Guardian-ის ცნობით, ტრამპმა ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ვენესუელის მთავრობასთან მიღწეულ შეთანხმებას „ნავთობის ინდუსტრიის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება“ უწოდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას, რომელთანაც ჩვენი ურთიერთობები ძალიან, ძალიან კარგი, შესანიშნავი გახდა“, - მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს შუალედური არჩევნების წინ გამართულ შეხვედრაზე.
გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ნავთობის ტანკერიც აჩვენა და განაცხადა, რომ მას ვენესუელიდან ერთი მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა.
აგვისტოში ტრამპმა ვენესუელასთან „ისტორიაში უდიდესი“ ნავთობის შეთანხმების დადების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება შეერთებულ შტატებს ვენესუელის ნავთობის დადასტურებულ მარაგებზე - 60 მილიარდ ბარელზე მეტზე, კონტროლს ანიჭებს.
მანამდე, გაზაფხულზე ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ვენესუელა აშშ-ის დროშის ფერებში იყო გამოსახული და წარწერა „51-ე შტატი“ ჰქონდა.