ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინას მხარს უჭერს და მომავალშიც მის მხარეს იქნება, ამიტომ ომში შუამავლის როლის შესრულებას არ ცდილობს.
ვალტონენმა ამის შესახებ ჰელსინკიში უკრაინელ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა კომენტარი გააკეთა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერების მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე.
„ფინეთი არ ცდილობს ომში შუამავლის როლის შესრულებას, რადგან ახლაც და მომავალშიც უკრაინის მხარეს ვიქნებით“, - განაცხადა ვალტონენმა.
მისივე თქმით, ფინეთი არც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზებს ეძებს - მისი მიზანი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევის ხელშეწყობაა.
„სამწუხაროდ, რუსეთს ამ ომის დასრულება არ სურს და ესკალაციას განაგრძობს. ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას ვუჭერთ მხარს, არამედ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესსაც, რომლის მიზანი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შეწყვეტაა“, - განაცხადა ვალტონენმა.
როგორც ცნობილია, დღეს, ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა გამართეს სატელეფონო საუბარი კრემლის ლიდერ ვლადიმორ პუტინთან. სტუბის თქმით, საუბარი „გულახდილი და შინაარსიანი“ იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტუბმა და სტორემ პუტინს მკაფიოდ მოუწოდეს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დეესკალაციისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის შესახებ.
ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ სტუბისა და სტორეს პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგებს დიდი სკეპტიციზმით უყურებს. ფრედერიქსენის თქმით, საუბარი ევროპის სხვა ქვეყნებთან შეთანხმებული არ ყოფილა.