საქართველოს პოლონეთის ვიცე-პრემიერი ეწვევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის დასაწყისში საქართველოს პოლონელ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა, რომელსაც უშუალოდ პოლონეთის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ვალდემარ პაულაკი ჩაუდგება სათავეში.
როგორც ცნობილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პოლონეთში უკვე იმყოფებოდა. პოლონური მხარის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ისეთმა სექტორებმა როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ტრანსპორტი.
როგორც ცნობილი გახდა, პოლონეთი მზადაა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სისტემის რეფორმირებაში დაეხმაროს. საუბარია საზღვაო-სანავსადგურო პოლიტიკის დახვეწაზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განვითარებაზე, საქართველოში რეგისტრირებულ გემებზე ტექნიკური ზედამხედველობის გამკაცრებასა და ქართველ მეზღვაურთა დიპლომების აღიარების საკითხებზე.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც პოლონეთს, როგორც დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანას, აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს ინფოკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. პოლონეთში კარგად არის განვითარებული ექსპორტზე ორიენტირებული IT-ინდუსტრია. პოლონური მხარე დაინტერესდა ამ მიმართულების განვითარებით საქართველოში და სპეციალური ტექნოპარკების ჩამოყალიბებით.