ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, საავადმყოფოში გადაყვანილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მამაკაცი კი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, მძიმედ რჩება.
„უპირველესად, მინდა გარდაცვლთა ოჯახებს მინდა სამძიმარი გამოვუცხადო. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა. რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფ პირების, განსაკუთრებით ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია. მათ სახიფათო და რთული დაზიანებები არ აქვთ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც წარმოიშობა, უზრუნველყოფილი იქნება. ბავშვებთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ფსიქოლოგის თუ ნებისმიერი სხვა სახის დახმარების ჩართვას საჭიროებისამებრ.
ველოდებით სამძებრო სამუშაოებს. სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში არიან, რომ ყველა სახის სამედიცინო დახმარება გაწეული იქნას“, – განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება მამაკაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.
„სხეულზე მძიმე დაზიანება აქვს მიღებული. არ მინდა, წინასწარ რაიმე დასკვნები გავაკეთო. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა, დრო და მკურნალობის შედეგები გვაჩვენებს.
საავადმყოფოში მოთავსებული იყო ერთი ქალბატონი, რომელიც გაეწერა. მას არ ჰქონდა რამე ისეთი სახის დაზიანება, რომელიც საავადმყოფოში დაყოვნებას მოითხოვდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის დახმარება იყოს გაწეული“, - აღნიშნა სარჯველაძემ.