აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, ვაშინგტონმა მოსკოვი დაარწმუნა, განიხილოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ისეთი მოდელი, რომელიც ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს მექანიზმს დაეფუძნება.
ამის შესახებ კუშნერმა ბერლინში, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კუშნერის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ მნიშვნელოვანი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს.
„ვფიქრობ, ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ასეთი კონცეფციის მიზანშეწონილობაში, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია მე-5 მუხლს დაეფუძნება“, - განაცხადა კუშნერმა.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგის განახლების მნიშვნელობას.
მისი თქმით, აშშ-ის თვალსაზრისით, ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება მართლაც ძალიან სერიოზული ნაბიჯია და ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად არის, ეს შესაძლებლობა განიხილოს.
„თუმცა, ცხადია, ეს უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის ინტერესებს და ასევე უფრო ფართო უსაფრთხოების პაკეტის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნა კუშნერმა.