აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირიმის ხიდზე უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული იერიშის გამო განრისხებული იყო.
ამის შესახებ ტრამპმა NBC News-თან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ტრამპმა დაადასტურა, რომ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას, რომლის თანახმადაც, აშშ-მა უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა მიიღოს.
ასევე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით პუტინთან შეთანხმების გადაწყვეტილებას ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე არ მიიღებს.
„უკრაინაში ომთან დაკავშირებით ზელენსკის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ“, - აღნიშნა ტრამპმა
კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ტრამპი ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტს პირდაპირი პასუხი არ გაუცია.
„მათ ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა ისწავლონ. ამ ორ ადამიანს ერთმანეთი სძულს და მათ საერთო ენის გამონახვა უნდა შეძლონ. მე ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება სურს და ისეთი შეთანხმების მიღწევას ცდილობს, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს.