აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 ნოემბერს, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მიმდინარეობისას, სატელეფონო საუბარში ეჭვქვეშ დააყენა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მიზანშეწონილობა. ამის შესახებ Politico ოთხ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში ტრამპი თვითმფრინავის ბორტიდან ბერლინს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება.
ევროპელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, საუბრისას ტრამპმა სკეპტიციზმი გამოხატა „მსურველთა კოალიციის“ მხრიდან უკრაინისთვის შემდგომი დახმარების გაწევის საკითხზე.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპი ზოგადად საუბრობდა და ლიდერებს განუცხადა, რომ ამ ომში ბევრი ადამიანი იღუპება და ქვეყნებმა მასზე ფულის ხარჯვა უნდა შეწყვიტონ.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, რომელიც ჯარედ კუშნერთან ერთად იმყოფებოდა ბერლინში, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ისინი სპეციალურად გაგზავნა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე.
„პრეზიდენტმა სპეციალურად გამოგვზავნა ჯარედი და მე, რათა „მსურველთა კოალიციის“ ნაწილი გავმხდარიყავით. მან დაგვავალა, ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ ომის დასასრულებლად და მხარი დაგვეჭირა ამ ძალისხმევისთვის“, - განაცხადა უიტკოფმა.
„დღევანდელი სატელეფონო საუბრისას მისგან მოვისმინე, რომ მან იგივე პრინციპები გააცნო კიდევ ორ ლიდერს, რომლებსაც შეხვდა“, - დასძინა მან.