უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპა მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროპელები რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან.
„ეს მნიშვნელოვანია. სწორედ უკრაინა იყო ყველაზე აქტიური ამ მიდგომის მხარდამჭერი, რომ ევროპა ყველა მოლაპარაკებაში უნდა მონაწილეობდეს. ახლა ამას მივაღწიეთ. ევროპას ხუთი ქვეყანა, ევროკავშირი და ნატო წარმოადგენენ. ამერიკას სრულად ესმის, რატომ არის აუცილებელი ევროპული მხარის ძლიერი და კოორდინირებული მონაწილეობა მოლაპარაკებებში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ინფორმაციით, იმავე დღეს დაგეგმილია ცალკე საუბარი აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, რათა განიხილონ, როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა და რა საკითხები იქნება მის დღის წესრიგში.
„უკვე უნდა გაიმართოს ოთხმხრივი შეხვედრა უკრაინის, ევროპის, ამერიკისა და რუსეთის მონაწილეობით. ამის დიდი იმედი გვაქვს. შეხვედრის დღის წესრიგი ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და შევათანხმოთ“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას ახლა აქვს ნება, რუსეთთან მშვიდობის შესახებ რეალური მოლაპარაკებები აწარმოოს.
„ახლა ვხედავთ, რომ ეს ფორმატი სწორია. გვინდა, ყველა ერთად ერთ მაგიდასთან დავსხდეთ - აშშ, უკრაინა, რუსეთი და ევროპა. ამის გაკეთება ნამდვილად გვინდა“, - განაცხადა მაკრონმა.