ბერლინში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთს ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკული ზავის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.
ლიდერების განცხადებით, ეს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონიდან სურსათის ექსპორტის უზრუნველსაყოფად ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების გააქტიურება დაგმობილია. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მხარდაჭერა და მისი უფლება, თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.
„მსურველთა კოალიციის“ წევრებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის გრძელვადიან და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, მათ შორის პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო, ფინანსური და სამოქალაქო დახმარების მიმართულებით.
განსაკუთრებულ პრიორიტეტად დასახელებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობების გაზრდა. ლიდერების თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით, უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფენ.
განცხადების თანახმად, ნატო-ს მოკავშირეები სრულად შეასრულებენ 2026 წელს უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნების უზრუნველყოფის პირობას. ამასთან, ევროკავშირის უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში, 2027 წლის ბოლომდე უკრაინა სამხედრო და ფინანსური დახმარების სახით 90 მილიარდ ევროს მიიღებს.
ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ გააძლიერებენ ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, მათ შორის სანქციებითა და ზომებით, რომლებიც რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად.
ერთობლივ განცხადებაში საუბარია უკრაინისთვის მტკიცე და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზეც. ეს გარანტიები ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ უნდა ამოქმედდეს და აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციით განისაზღვროს. მათ შორის განიხილება უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მხარდაჭერა, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმი და ევროპული მრავალეროვნული ძალების განთავსება, რომელსაც აშშ მხარს დაუჭერს.
ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის მიმართ, რომელშიც მონაწილეობას აშშ და ევროპაც მიიღებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება უნდა იყოს, ხოლო საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.