გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, პარტნიორები უკრაინის, რუსეთის, ევროპისა და აშშ-ის მონაწილეობით დაგეგმილი ოთხმხრივი მოლაპარაკებებისთვის ნეიტრალურ ადგილს ეძებენ. შესაძლო ვარიანტებს შორის კვლავ განიხილება არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ამის შესახებ მერცმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერცის თქმით, მოლაპარაკებების გამართვის კონკრეტული ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ევროპელი პარტნიორები რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
„ეს შეიძლება, მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართოს. იქ ჩვენ შევძლებთ ჩვენი საერთო ევროპული პოზიციის წარდგენას. იმედი მაქვს, რომ რუსეთიც მზად არის ამ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის. ვიცით, რომ ომი მხოლოდ დიპლომატიური გადაწყვეტის მოძებნის შემთხვევაში დასრულდება. თუმცა ის უნდა დასრულდეს სანდო უსაფრთხოების გარანტიების პირობებში და ისე, რომ უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოთხმხრივი ფორმატი ერთ შეხვედრას კი არა, შეხვედრების მთელ სერიას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ევროპა რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.
გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპას საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს ინსტიტუტები წარადგენენ.