"აჭარული ღვინის სახლი" ოფიციალურად 23 ნოემბერს გაიხსნება. საწარმო კომპლექსის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, "აჭარული ღვინის სახლი" ჩხავერისა და ცოლიკაურისაგან ცქრიალა ღვინოებს ქართული და ევროპული ტექნოლოგიებით ჩამოასხამს. საწარმო წელიწადში 100 000 ბოთლ ღვინოს ჩამოასხავს.
ტურისტებისთვის იგეგმება ღვინის ტურების მოწყობაც. მსურველი შეძლებს დაათვალიეროს როგორც ვენახი, ასევე იხილოს ქართული მარანი, ყურძნის გადამამუშავებელი ევროპული საწარმოო ხაზი, მონაწილეობა მიიღოს ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის პროცესში, დააგემოვნოს ღვინოები და გასინჯოს ადგილობრივი კერძები.
2005-2008 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აჭარის მევენახე ფერმერებს უსასყიდლოდ მიეწოდათ 130 000 ძირამდე ვაზის (ჩხავერი, ცოლიკაური, ალადასტური, ოჯალეში) ნერგი და გაშენდა 50 ჰა ახალი ვენახები.
"აჭარული ღვინის სახლი" საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის უკან აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მოინახულა.
„ეს არის საუკეთესო ქართული ღვინო, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ჩხავერი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ცნობილ ქართულ და ევროპულ ვაზის ჯიშებს. საინტერესოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესების შემდეგ, ჩვენი ღვინოების ექსპორტი მრავალჯერ გაიზარდა. მაგალითად უკრაინაში ადრე მილიონი ბოთლი თუ გადიოდა, წელს 8 მილიონი გავა, გაისად კი - 10, ასევეა ბელორუსიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.