რუსთაველის თეატრში 15 ოქტომბერს 20 საათზე ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე და ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი კონცერტს გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ფილიპ მანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრს წარუძღვება.
მსმენელები ვარსკვლავური შესრულებით მოისმენენ კამილ სენ-სანსის მეორე საფორტეპიანო კონცერტს, ჟორჟ ბიზეს სიუიტას ოპერიდან "კარმენი" და ლეონარდ ბერნსტაინის "სიმფონიურ ცეკვებს" მიუზიკლიდან "ვესტ საიდის ისტორია".
ცნობისთვის, ელისომ 7 წლის ასაკში პირველი კონცერტი გამართა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რასაც მალე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება და აღიარება მოჰყვა. პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში, უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს მიშელ სონის. ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის და დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო პრემიით, ასევე სპეციალური პრემიით "ქართული კულტურის ამაგდარი".პიანისტს ჩაწერილი აქვს მრავალი კომპაქტ-დისკი, რომელთაც საერთაშორისო ჟურნალისტების დიდი გამოხმაურება ხვდა წილად.
რაც შეეხება, ამერიკელ დირიჟორს, ფილიპ მანი "BBC"-იმ აღიარა „ტალანტად, რომელიც შემოქმედებითი ძალების გაფურჩქვნის პერიოდში იმყოფება~. და მართლაც, ფილიპ მანი სწრაფად იძენს გრაციოზული და ვნებებით აღსავსე არტისტის რეპუტაციას ერთდროულად სამ კონტინენტზე.
ფილიპ მანი თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან: ჯოშუა ბელი, შერონ ისბინი, მარვინ ჰემლიში და სხვ.
დირიჟორის რეპერტუარი მოიცავს როგორც სიმფონიურ, ისე საოპერო ნაწარმოებებს, ხშირად მის სახელს უკავშირდება ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერებიც.
ფილიპ მანს მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის ვენის ფილარმონიის კარაიანის სახელობის სტიპენდია ზალცბურგის ფესტივალზე.