საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვა და მედიკამენტები ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, სადაც მან 2009 წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, უმწეოთა პროგრამები უნდა გაფართოვდეს და ამასთან, მთავრობამ ექიმებს უნდა შეუწყოს ხელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
"უმწეოთა პრროგრამები უნდა გაფართოვდეს ამ მიმართულებით ანუ წამლების გაიაფების თვალსაზრისით. ბევრად მეტი იქნება სამუშაო. მე არ მოველი სასწაულებს, ვიცი, რომ ეს პრობლემაა ჩემი მოსახლეობისთვის და საჭირო იქნება ჯერ ერთი რომ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იყოს პირველადი ჯანდაცვა და ბევრად უფრო კვალიფიციური ხალხი მუშაობდეს. გასაგებია რომ შემთხვევა შეიძლება ძალზე კვალიფიციურ ექიმსაც კი მოუვიდეს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა არაკომპეტენტური ექიმების გამო იღუპება პაციენტი, ასეთი ხალხის მუშაობის გამო იღუიპება ადამიანი და ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს ბევრად უფრო მეტი სამართლიანი ჩარევაა საჭირო. უნდა გამკაცრდეს ეს და მეორეს მხრივ ექიმებს უნდა შეუწყოთ ხელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.