პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში სამგზავრო მატარებელში აფეთქება მოხდა, რომელსაც უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 70 კი დაშავდა.
სამი სამთავრობო და უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლის თქმით, რომლებმაც ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს, ინციდენტი კვირას მოხდა და პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა დაჯგუფება „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი რკინიგზის ლიანდაგთან, ქალაქ კვეტაში ააფეთქა.
აფეთქების შედეგად ორი ვაგონი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ასევე დაზიანდა გაჩერებული ვაგონები.
რკინიგზის ხაზთან ახლოს სერიოზულად დაზიანდა რამდენიმე სახლი და შენობა.
კვეტის სახელმწიფო საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ეს ბელუჯისტანში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.
პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა მკაცრად დაგმო თავდასხმა, მას „ტერორისტული აქტი“ უწოდა და სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახებს.
ბელუჯისტანი, რომელიც ავღანეთსა და ირანს ესაზღვრება, პაკისტანის უდიდესი, მაგრამ ასევე უღარიბესი პროვინციაა. „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმია“ (BLA) რეგიონის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ეს დაჯგუფება რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.