Reuters-ის ინფორმაციით, ირანი არ დათანხმდა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების გადაცემას აშშ-სთან მომზადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომლის გამოცხადებაც შესაძლოა უკვე კვირას მოხდეს.
სააგენტოსთან საუბარში ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამის საკითხი წინასწარი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
„ბირთვული საკითხი საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება, ამიტომ ის მიმდინარე შეთანხმებაში არ შედის. ირანის გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანაზე შეთანხმება მიღწეული არ არის“, - განაცხადა წყარომ.
ამასთან, ირანული პროსამთავრობო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის მემორანდუმის რამდენიმე პუნქტზე უთანხმოება კვლავ ნარჩუნდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთი საკითხის შეთანხმებას აშშ-ის მხრიდან არსებული „დაბრკოლებები“ ართულებს.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი შეთანხმებას უახლოვდებიან, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 60 დღით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
გამოცემის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება, ხოლო მხარეები თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
შეთანხმების პროექტი ასევე მოიცავს ირანის ვალდებულებას, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნას არ შეეცდება, განიხილავს ბირთვული პროგრამის შეჩერებას და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების გატანაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც შაბათს დონალდ ტრამპი თავის მომლაპარაკებელტა გუნდსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა, რათა ირანის ბოლო სამშვიდობო შეთავაზება განეხილათ.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმი ძირითადად შეთანხმებულია და ჰორმუზის სრუტეც მალე გაიხსნება.
„შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია და მისი საბოლოო გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს. ცალკე მქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ „ბიბი“ ნეთანიაჰუსთანაც, რომელიც ასევე ძალიან კარგად წარიმართა. შეთანხმების საბოლოო ასპექტები და დეტალები ამჟამად განიხილება და მალე გამოცხადდება. შეთანხმებით, სხვა მრავალ ელემენტთან ერთად, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება“, - განაცხადა ტრამპმა.