ხვალიდან, 22 დეკემბრიდან გარე მოვაჭრეები თელავის საკრებულოსთან აქციის გამართვას გეგმავენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას, გარე მოვაჭრე მარინა ვახვახიშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ხალხს გარე ვაჭრობის საშუალებას არ მისცემს საკრებულოსთან ვარდების ნაცვლად ხახვის ფურცლებს დაყრიან და აქციებს გამართავენ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ახალაურის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ გარე მოვაჭრეებს აგრარულ ბაზართან მხოლოდ ციტრუსის გაყიდვის უფლებას მისცემენ.
დღეს დილით თელავის აგრარულ ბაზართან მყოფ გარე მოვაჭრეებს პოლიციამ ვაჭრობა აუკრძალა და დაემუქრა, თუ სასწრაფოდ ვაჭრობას თავს არ დაანებებდნენ საახალწლოდ 200 ლარიან "საჩუქარს", ჯარიმას მიიღებდნენ.
გარე მოვაჭრეებმა ახალ მემარჯვენეებთან ერთან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა.
"კანონის უხეში დარღვევა მოხდა. საკრებულომ ამორალური საქციელი ჩაიდინა, რაკი ხალხს საკრებულოში შესვლის საშუალება არ მისცა" - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" თელავის რაიონული ოფისის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილმა. მისი თქმით, მემარჯვენეები გარე მოვაჭრეების აქციას შეუერთდებიან.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გარე მოვაჭრეებს ბაზარში ვაჭრობა შესთავაზა, თუმცა გარე მოვაჭრეების თქმით ბაზარში აღარ დარჩა ადგილი სადაც ნორმალურად ვაჭრობას შეძლებენ.