საჩხერეში გუშინ მომხდარი ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განიხილეს და დაგმეს.
მომხდართან დაკავშირებით ამეკელ სენატორებს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა მიაწოდა. ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტის სხდომაზე იყო მიწვეული.
"საქართველოს საკითხს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას ინციდენტზე, თუმცა ის ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ ვართ ასე შეშფოთებულები მოუგვარებელი სიტუაციით. უმცირესი გამონაკლისის გარდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყველა ქვეყანა აღიარებს. რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა და არატრანსფარენტულობა პრობლემას ქმნის და ამას შეიძლება მოჰყვეს ისეთი ინციდენტი, რომელსაც საჩხერეში ჰქონდა ადგილი. ამას ემატება ისიც, რომ არ გვაქვს ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე, მომხდარ ინციდენტზე შესაძლოა არც ვიცოდეთ ყველაფერი", - განაცხადა გორდონმა კომიტეტის სხდომაზე.
აღნიშნულის კონტექსტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთს "ცეცხლის შეწყეტის" შესახებ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ეს აუცილებელია".
შეგახსენებთ, რომ ცხინავლის საოკუპაციო ხაზთან გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა ქართველების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი მამაკაცი მძიმედ დაიჭრა.