უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ ოფიციალურად რუსეთის მხარეს დადგება, ეს ისტორიული შეცდომა და დიდი ტრაგედია იქნება
ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა. წამყვანის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ომის მოგება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს უკიდურესად რთული იქნება.
„აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ეს ძალიან რთულია. მაგრამ თუ აშშ პუტინს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა და დიდი ტრაგედია იქნება. თუ აშშ ოფიციალურად რუსეთის მხარეს დადგება და ეს ორი ქვეყანა ერთად იმოქმედებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ და ვერ გავუძლებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის მხარეს იქნება ან, სულ მცირე, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს.
ზელენსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს შეცვლის.
„იმედი გვაქვს, რომ ის გადაწყვეტილებებს შეცვლის, რადგან ეს ყველაფერი შეცდომებია, რომლებიც არც ჩვენთვის იქნება სასარგებლო და არც შეერთებული შტატებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.