ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იუწყება Reuters
ალბანეთში საპროტესტო აქციები მეექვსე დღეა გრძელდებოდა.18 ოქტომბერს ათასობით ადამიანი განათლების სამინისტროსთან შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომა მოითხოვა.
პროტესტის მონაწილეები მთავრობის კორუფციას, უმუშევრობასა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. დემონსტრაციები თავდაპირველად სტუდენტების მონაწილეობით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ უფრო ფართო მოძრაობაში გადაიზარდა.
აქციების დროს მომიტინგეებმა სამთავრობო შენობებსა და ბანკებს ცეცხლი წაუკიდეს, დააზიანეს მაღაზიები და პოლიციელებს ქვები და სხვა საგნები ესროლეს. შეტაკებების შედეგად დაშავდნენ როგორც სამართალდამცველები, ისე დემონსტრანტები.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა. მან თქვა, რომ საპროტესტო აქციები არა მისი მთავრობის, არამედ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას უქმნის საფრთხეს. რამამ ასევე სტუდენტებს დიალოგისკენ მოუწოდა.
ევროკომისიამ დაგმო ძალადობა და ამავე დროს მხარი დაუჭირა მოქალაქეების უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.
Reuters-ის ცნობით, არეულობის დაწყებიდან დაშავდა ათეულობით პოლიციელი და მომიტინგე. საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 388 ადამიანი დააკავეს.