უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩატარდება, მასში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შეკითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტად, თუ უკრაინას არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, კანდიდატად წარდგენა მის პასუხისმგებლობად მიაჩნია.
„თუ ეს ომის დროს მოხდება - რა თქმა უნდა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მე ჩემი ქვეყანა ამ ომის დასაწყისიდან ბოლომდე უნდა დავიცვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას არჩევნების მოსამზადებლად ექვსი თვე დასჭირდება.
მისივე განცხადებით, თუ ომი არ დასრულდება და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, უკრაინას ამისთვის სულ მცირე 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა დასჭირდება.
„მაგრამ თუ ომი არ დასრულდება და ტრამპსა და პუტინს სურთ, რომ არჩევნები ჩავატარო, მე ვთქვი: მოგვცენ ცეცხლის შეწყვეტისთვის სულ მცირე 60 დღე, ყოველგვარი სხვა მოლაპარაკებების გარეშე - უბრალოდ 60 დღე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კანონმდებლობა შევცვალოთ და არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად საჭირო ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საომარი მოქმედებების პირობებში არჩევნების ჩატარება უკიდურესად სახიფათო და რთული იქნება. მისი განმარტებით, აუცილებელია, არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და სამხედრო მოსამსახურეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„მაგრამ დამიჯერეთ, ეს სრულიად სახიფათო და თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ჩვენ სამართლიანი არჩევნები გვჭირდება და სამხედროებს ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. თუ ფიქრობთ, რომ არჩევნები არ მინდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ზელენსკიმ.