აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „სრული და უპირობო“ მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ.
ამის შესახებ ტრამპმა 18 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპის განცხადებით, ნეთანიაჰუ შესანიშნავი „პრემიერ-მინისტრი-მეომარი“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაპირისპირებაში მშვიდობის დამყარების საქმეში კიდევ უფრო დიდი პარტნიორი იყო.
"ბიბი ნეთანიაჰუ შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი-მეომარი და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბრძოლაში მშვიდობის დამყარების საქმეში კიდევ უფრო დიდი პარტნიორია. ირანის ისლამურ რესპუბლიკას უკვე 51 წელია, რაც ასეთი მოწოდება აქვს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას! ჩვენ გავანადგურებთ პატარა სატანას და დიდ სატანას“.
რომელ ქვეყანას შეუძლია გადარჩეს, თუ მსგავსი განცხადებების გაკეთება დაშვებულია? ბოლოს და ბოლოს, ასეთი სიტყვები ყოველთვის რეალობად იქცევა. მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის მოიყვანდა ირანი ამ შემზარავ მოწოდებას სისრულეში. თუმცა ირანი სისტემატურად განადგურდა, როგორც სამხედრო, ისე ფინანსური თვალსაზრისით და, თუ ის სწრაფად არ შეცვლის თავის კურსს, ჩვენ საქმეს მალე ბოლომდე მივიყვანთ.
თუ ისრაელს არასწორი ლიდერი ეყოლება - ანუ ნებისმიერი სხვა, ბიბის გარდა, ამერიკას ამ საქმის საკუთარ თავზე აღება მოუწევს, მე კი ამის გაკეთების სურვილი არ მაქვს.
ბიბი ნეთანიაჰუ ძლიერი, მამაცი და გამორჩეულად გონიერი იყო უზარმაზარი წინააღმდეგობის პირობებში, მათ შორის, თავად ისრაელშიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან გაუძლო და, მეტიც, წარმატებას მიაღწია!
ბიბის ყველაზე რთულ პერიოდებში ვაკვირდებოდი. ასეთ ვითარებაში ჩვეულებრივი კაცი ან ქალი ზეწოლას ვერ გაუძლებდა, მაგრამ ბიბი არ გატყდა, პირიქით, უფრო გაძლიერდა და დღესაც იმავე სიმტკიცეს ინარჩუნებს.
სწორედ ასეთი პარტნიორი სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს ისრაელისგან - ქვეყნისგან, რომლისთვისაც ამერიკამ ძალიან ბევრი გააკეთა.
გთხოვთ, ეს წერილი ბიბი ნეთანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევის კამპანიის მიმართ ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერის გამოხატულებად მიიღოთ.
ბიბი ნეთანიაჰუ არასდროს გაგიცრუებთ იმედს!" - წერს ტრამპი.
ისრაელში ქნესეთის (პარლამენტის) არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება.