"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის შოთა იამანიძის დაკავებას პარტიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ქმედებად აფასებს.
გაჩეჩილაძე იამანიძის ნარკოტიკებთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ის სიგარეტსაც არ ეწეოდა.
"იამანიძე, გარდა იმისა, რომ პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერია, ჩემი უფროსი ვაჟის, რატი გაჩეჩილაძის ბავშვობის მეგობარია და ჩემ თვალწინ გაიზარდა. ამ ახალგაზრდას არათუ ნარკოტიკთან არ ჰქონია არანაირი შეხება, სიგარეტსაც კი არ ეწეოდა", - აღნიშნა "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მისი განმარტებით, "ქართული პარტია" დაკავებულის გათავისუფლებას ყველა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური გზით შეეცდება.
იამანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და მოხმარების ბრალდებით დააკავეს.