"ხელისუფლებას ვურჩევ, აღლუმის გამართვისგან თავი შეიკავოს, რადგან სააღლუმოდ საქმე არ აქვთ", _ აცხადებს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარე დიმიტრი ომანაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
ომანაძის თქმით, გამორიცხული არაა, საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებსა და აღლუმის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდეს, რაც, შესაძლოა, სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
"ადამიანებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მისცენ. ამასთან, აღლუმის გამართვა იმ ქვეყნისთვის, რომლის სუვერენიტეტიც შელახულია და, რომლის ტერიტორიის მესამედიც დაკარგულია, გაუმართლებელია",
_ აღნიშნა დიმიტრი ომანაძემ.
დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარე აქციის მონაწილეებს ურჩევს, ცხელი გულით არ იმოქმედონ, რათა იგივე შედეგი არ დადგეს, რაც_ ვარდების რევოლუციის დროს.
"21 მაისის აქციის ბედს საზოგადოების მხარდაჭერა გადაწყვეტს. თუ ქუჩაში ხალხის დიდი ნაკადი გამოვა, შესაძლოა, ამას შედეგი მოჰყვეს. თუმცა ამბოხი გაუმართლებელია, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებას აწყობს საზოგადოებრივი ამბოხი. ყველა რევოლუციას ქვეყანა უკან მიჰყავს. ამდენად, ხალხს ბრძნულად მოქმედება მართებს",_აღნიშნა ომანაძემ.