თბილისის საქალაქო სასამართლომ ძიძას, ცაცა ბ.-ს არასრულწლოვნის სისტემატური ცემისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის II ნაწილის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა.
"საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ ცაცა ბ.-ის მიმართ. არასრულწლოვანის სისტემატიური ცემა, რამაც მისი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია - ასეთია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია. საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის იანვარში გიორგი დ.-მ და მისმა მეუღლემ ირინა კ.-მ შვილისთვის, მცირეწლოვანი ნიკოლოზ დ.-ისთვის მომვლელად ცაცა ბ. აიყვანეს. ძიძას დღის განამავლობაში, კერძოდ კი მშობლების სახლში არყოფნის პერიოდში, მზრუნველობა უნდა გაეწია მათი მცირეწლოვანისთვის. ცაცა ბ., ნაცვლად მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისა, უმიზეზოდ სცემდა ბავშვს, არ აძლევდა საკვებს. ცაცა ბ.-ის მიერ ჩადენილმა ქმედებამ პატარას ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, სასამარლო განხილვისას ცაცა ბ.-მ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. გარდა თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა - წარდგენილი ბრალი დადასტურებული იქნა: მცირეწლოვანი ბავშვის მშობლების ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, CD დისკზე არსებული ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცაცა ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.