სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის მდებარე სადავო სასაზღვრო რეგიონ აბიეიში, ამიეტის ბაზარზე დრონით დარტყმის შედეგად, სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. დარტყმის შედეგად საწვავის საწყობში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სწრაფად გავრცელდა.
ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
თავდასხმა ქალაქ აბიეის ჩრდილოეთით, დაახლოებით 10 კილომეტრში მოხდა.
თავდაპირველად ადგილობრივი ხელისუფლება 73 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა, თუმცა მოგვიანებით მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აბიეის ადმინისტრაციის ინფორმაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იოჰანა აკოლ ნგორმა, თავდასხმაში სუდანის არმია დაადანაშაულა.
„153 დაღუპული დავაფიქსირეთ“, - განაცხადა ნგორმა.
მისივე თქმით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ხანძრის ჩაქრობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
რეგიონის ხელისუფლებამ ასევე კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ თავდასხმის დროს ბაზრის ტერიტორიაზე სამხედროები იმყოფებოდნენ.
თვითმხილველებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ სულ მცირე ხუთი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ბაზრის ტერიტორია მყისიერად ცეცხლში გაეხვია.
ამასთან, სუდანის არმიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, დაადასტურა, რომ სამხედროებმა დრონი გამოიყენეს. მისი თქმით, სამიზნე საწვავით დატვირთული ავტოცისტერნები იყო, რომლებიც სამხრეთ სუდანიდან ჩამოვიდა და გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი რეაგირების ძალების“ (RSF), მიმართულებით გადაადგილდებოდა.
„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ ვესხმით თავს“, - განაცხადა სუდანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
მისივე მტკიცებით, დაღუპულები ან RSF-ის მებრძოლები იყვნენ, ან საწვავის კონტრაბანდასთან დაკავშირებული პირები. მან ასევე აღნიშნა, რომ დარტყმა შეთანხმებული დემილიტარიზებული ზონის ფარგლებს გარეთ განხორციელდა.
ბაზარზე განხორციელებული დარტყმა დაგმო გაერო-მ. გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა, აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმების გახშირება „უკიდურესად შემაშფოთებელი ტენდენციის ნაწილია“.
სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სუდანის სამხედროებს დააკისრა და პროტესტის ნიშნად სუდანის ელჩი დაიბარა.