უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრების გამართვა ამ ქვეყნების გადასაწყვეტია, თუმცა, როდესაც საქმე უკრაინას ეხება, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინაც უნდა იჯდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ 20 ოქტომბერს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვსაუბრობდი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე და, როგორც ჩვენმა პარტნიორმა უკვე თქვა: „უკრაინაზე უკრაინის გარეშე არაფერი იქნება“. არ ვიცი, რა სამმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს ამერიკას, ჩინეთსა და რუსეთს შორის - ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ საქმე უკრაინას და ჩვენს მომავალს ეხება, ეს მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც ვიქნებით. ეს სრულიად ნათელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, 20 ოქტომბრის დილა აშშ-ის მხრიდან პოზიტიური სიგნალებით დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დილით აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ესაუბრა, მოგვიანებით კი ოსლოში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა.
„აქაც ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. თუმცა ეს საუბარი კონსტრუქციულია იმიტომ, რომ ჩვენ ყველას - უკრაინას, აშშ-სა და ევროპას ომის დასრულება გვინდა. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სტივ უიტკოფი 21 ოქტომბერს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება.