ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 21 ოქტომბერს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება.
უკრაინული მედიის ცნობით, სტორემ ამის შესახებ 20 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უიტკოფი, რომელიც დღეს ნორვეგიაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება.
„ის რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათთან განიხილავს ამ შეხვედრასა და იმ წინადადებებს, რომლებზეც ევროპელი და ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ. შესაძლოა, ეს ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადების შესაძლებლობაც იყოს“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
სტორეს თქმით, ნორვეგიაში გამართული შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება უკრაინის უსაფრთხოებას, ომისშემდგომი აღდგენისა და განვითარების გეგმას, ტერიტორიულ საკითხებს, სანქციებსა და ომის დასრულების შემდეგ ევროპის უსაფრთხოების წესრიგს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში სამშაბათს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ნორვეგიის ოფიციალურ პირებთან, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან და ევროპელ პარტნიორებთან მართავს მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანიც ომის დასრულებაა.