პატიმარ ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყიფიანი კატეგორიულად უარყოფს დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ის ვატო ყიფიანს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც ყიფიანმა უთხრა, რომ არანაირი კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა და მეტიც, ისინი ერთ საკანში არ იმყოფებიან.
„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას.
ვატო ყიფიანის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და ყველაფერი გახდება ნათელი. ცალსახაა, რომ მას შეხება არ აქვს, მაგრამ იქ რა მოხდა და რატომ ხდება, ამაზე, ბუნებრივია, ამ ეტაპზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს“, - განუცხადა მარიკა ფხალაძემ “რადიო თავისუფლებას”.
ფეიქრიშვილების ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს. დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.
ადვოკატის განცხადებით, ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.