აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას შესთავაზებს. როგორც Politico წერს, ეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის კიდევ ერთი მცდელობა იქნება.
უიტკოფი რუსეთში ოთხშაბათს გაემგზავრება. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, ის რუსეთის ხელმძღვანელობას სამშვიდობო შეთანხმების პირობებთან დაკავშირებულ წინადადებებს გააცნობს, მათ შორის - სამმხრივი შეხვედრის იდეას.
„უიტკოფი რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათ გაუზიარებს ამ შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ასევე იმ წინადადებებს, რომლებზეც ევროპელი და ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ. შესაძლოა, მან ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ნიადაგიც მოამზადოს“, - განაცხადა სტორემ.
ასეთი შეხვედრა შესაძლოა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი სამმხრივი სამიტი იყოს. მისი ორგანიზების მცდელობის შესახებ 20 ოქტომბერს, სამშაბათს, ნორვეგიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლების მოლაპარაკებებს მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომის დასრულების გზების ძიება გრძელდება. მისი თქმით, რუსეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ომისა და მკვლელობების შესაწყვეტად.
მისი თქმით, სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება მნიშვნელოვანი იდეაა, რადგან არსებობს „საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ“.