მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ სტანისლავ მარკელოვისა და ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას მკვლელობაში ბრალდებულ ნიკიტა ტიხონოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ევგენია ხასისს, რომელიც სასამართლომ მარკელოვის მკვლელობის ხელისშემწყობად აღიარა, 18 წლით კოლონიაში ყოფნა მიუსაჯა. ბრალდების მხარე ტიხონოვისთვის სამუდამო პატიმტობას, ხოლო ხასისისთვის 20-წლიან კოლონიას ითხოვდა. ბრალდებულების დაცვა აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეყ მყოფები სრულიად უდანაშაულონი არიან და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბაბუროვას ნათესავების სარჩელი. ტიხონოვს მათთვის, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 მილიონი, ხოლო სასამართლოსთვის 40 ათასი რუსული რუბლის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელეები მორალური ზიანისთვის 5 მილიონ რუბლს ითხოვდნენ.
ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა მოსკოვში 2009 წლის იანვარში დახოცეს. ნაციონალისტები ტოხონოვი და ხასისი ამ მკვლელობის ჩადენის ეჭვის საფუძველზე 2009 წლის შემოდგომაზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მარკელოვი მოკლეს იმიტომ, რომ იგი სასამართლოებში ანტიფაშისტებსა და კავკასიელებს იცავდა, ბაბუროვა კი იმიტომ, რომ იგი მოწმე იყო. თავდაპირველად ნიკიტა ტიხონოვმა მკვლელობა აღიარა, შემდეგ კი განაცხადა, რომ აღიარება ზეწოლის შედეგად დაწერა. მისი თქმით, გამომძიებლებმა მასთან მოსყიდული ადვოკატი შეაგზავნეს და დაემუქრნენ, რომ ხასისის მიმართ ძალადობას განახორციელებდნენ. ამის შემდეგ უკვე ნიკიტა ტიხონოვი ბრალს აღიარებდა მხოლოდ დოკუმენტების გაყალბებასა და იარაღით ვაჭრობაში, მაგრამ არა მკვლელობაში.
ბრალდების მთავარ მოწმედ ნაციონალისტი ილია გორიაჩევი გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ტიხონოვმა და ხასისმა მასთან ამ მკვლელობის ჩადენა აღიარეს. ამის შემდეგ გორიაჩევი საზღვარგარეთ გაიქცა და სასამართლოში ცნობა გამოაგზავნა იმის შესახებ, რომ იგი უარს აცხადებდა თავის სიტყვებზე. თუმცა სასამართლომ მისი განცხადება არ გაითვალისწინა, ხოლო შემდეგ მედიაში გაჩნდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც გორიაჩევის ხელმოწერაა დაფიქსირებული. ამ დოკუმენტში მოწმე აცხადებს, რომ თავის პირველ ჩვენებაზე უარის თქმა აიძულეს.
ბრალდების მთავარი სამხილი - ნიკიტა ტიხონოვის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტია, რომლითაც მარკელოვი და ბაბუროვა დახოცეს. თავად ტიხონოვი ამტკიცებს, რომ ეს პისტოლეტი მას სწორედ გორიჩევმა მოუტანა მკვლელობის შემდეგ. დაცვა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნიკიტა ტიხონოვს ადვოკატი და ჟურნალიტი რომ მოეკლა, იგი პისტოლეტს თავისთან არ შეინახავდა.
გამოძიების ინფორმაციით, ტიხონოვსა და ხასისს თანამზრახველებიც ჰყავდნენ, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით დაუდგენელია. მათი ძიების შესახებ კი ცალკე საქმეა გახსნილი.
მსაჯულებმა ტიხონოვი და ხასისი დამნაშავეებად აპრილის ბოლოს აღიარეს. თავდაპირველად მათ ბრალეულობას შვიდმა მსაჯულმა დაიჭირა მხარი, შემდეგ კი რვამ. აღსანიშნავია, რომ ევგენია ხასისმა თავისი განაჩენის გაგონების შემდეგ სიცილი დაიწყო. "განაჩენის კითხვისას ტიხონოვი და ხასისი ერთად, ხელჩაკიდებულნი ისხდნენ და მოსამართლეს უსმენდნენ. ხოლო მას შემდეგ სასამართლომ ხასისის განაჩენი წაიკითხა, მან სიცილი დაიწყო, შემდეგ კი ტიხონოვისათვის რაღაცის თხრობას შეუდგა", _ იუწყება რუსული მედია.