დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის ახალ ბულვარში პოლიციელები მარშით ჩაივლიან.
სამართალდამცველები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.
დღეს აღინიშნება როგორც პოლიციის დღე, ასევე აჭარის რევოლუციის 7 წლისთავი. ბათუმის ბულვარში პოლიციის აღლუმისთვის სამზადისი თითქმის დასრულებულია. დილიდანვე მიმდინარეობს აღლუმის გენერალური რეპეტიციაც. აღლუმს ჩაიბარებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. აღლუმზე მიწვეულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც. აღლუმზე იქნებიან როგორც აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე დელეგაციები ლიტვიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. აღლუმს მუსიკალურად გააფორმებს სახელმწიფო ორკესტრი ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით. სხვა კომპოზიციებთან ერთად შესრულდება საქართველოს ჰიმნიც.
აღლუმის დამთავრების შემდეგ ბათუმის თეატრში გაიმართება ფოლკლორული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას 10 ქვეყნიდან ჩამოსული გუნდი მიიღებს. 15:00 საათზე ბათუმის დელფინარიუმის გახსნაა დაგეგმილი. დღის ბოლოს გალაკონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართველი ვარსკვლავები მიიღებენ.