პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველომ ყოვლისმომცველი და თვალშისაცემი მოდერნიზაცია განიცადა, თუმცა ის ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია.
"ცვლილებები, რაც საქართველომ განიცადა არის ყოვლისმომცველი, ნათელი და აშკარად თვალშისაცემი. არ მინდა ამის მხოლოდ ერთი სიტყვით - "მოდერნიზაციით" გამოხატვა, რადგან შესრულდა კომპლექსური ამოცანები. პროცესი იყო ძალიან რთული", - განაცხადა ბაქრაძემ დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.
აღნიშნულის კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, რამაც საქართველო მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყანა გახადა.
"გადასახადების სისტემა იყო მოუწესრიგებელი, კორუფციაში ჩაფლული. ჩვენ მოვახდინეთ ამ სისტემის მოდერნიზაცია. ახლა ის ეფუძვნება მოწესრიგებულ პრინციპებს. ჩვენ შევცვალეთ ძველი ჩვევები და ამ ჩვევების აღმოფხვრა არ იყო იოლი... ჩვენ გვინდა უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა და ამისთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო პირველი ნაბიჯი... 10 წლის წინ არ არსებობდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა... მაშინ, როცა დღეს პოლიციას მოსახლეობის 86 % ენდობა... ჩვენ წარმატებით გავიარეთ კორუფციასთან ბრძოლის ეტაპი... რაც შეეხება ბიუროკრატიას, ფილოსოფიის, მიდგომების მოდერნიზაცია და ცვლილებები მოხდა: 10 წლის წინ ერთი უბრალო ცნობის ასაღებად რამდენიმე უწყებაში მისვლა და ქრთამის მიცემა იყო საჭირო, ახლა მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველო ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას.
"არ მინდა შთაბეჭდილება შეგიქმნათ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა. არა, ქვეყანა ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია. დიახ, ხანდახან ვუშვებთ შეცდომებსაც, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას, სწორი მიმართულებით ვითარდება და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ გავხდეთ უფრო დემოკრატიულები", - დასძინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სემინარტზე სიტყვით გამოსვლისას.
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ნატოს საპარლამენტო სამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი დღეს გაიხსნა. სემინარს ნატოს წევრი სახელმწიფოების 70-მდე ქვეყნის დეპუტატი ესწრება. სემინარი 25 მარტს დაიხურება.