რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარა. საუბარია ბრაშოვში მდებარე სამხედრო ქარხანა Carfil-ში დივერსიის მცდელობაზე, რომლის უკანაც, რუმინული მხარის განცხადებით, რუსეთიდან მართული ქსელი დგას.
ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დან ნეკულესკუმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
შეხვედრისას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ბრაშოვის ქარხანაში დივერსიის გამო მკაცრი პროტესტი გამოუცხადა. უწყების განცხადებით, რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოძიების ფარგლებში შეგროვებული მტკიცებულებები რუსეთის მხარის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას. უწყების შეფასებით, მომხდარი ჰიბრიდული ომის აშკარა გამოვლინებაა და იმ სულ უფრო მასშტაბური და რთული მოქმედებების სერიას მიეკუთვნება, რომლებსაც რუსეთი ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებს ან მხარს უჭერს.
რუმინულმა მხარემ ასევე დაგმო რუსეთის მიერ შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე სისტემატური თავდასხმები, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა. ბუქარესტის განცხადებით, ეს თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და საფრთხეს უქმნის ნაოსნობის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.
„აღინიშნა, რომ ეს თავდასხმები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ვითარებაზე“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის სადაზვერვო სამსახურმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოავლინა რუსეთიდან კოორდინირებული დივერსიული ქსელი, რომელიც 14 სექტემბერს ბრაშოვში, სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მწარმოებელ Carfil-ის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის მცდელობასთან იყო დაკავშირებული. მედიის ცნობით, საქმეში ეჭვმიტანილები არიან უკრაინის ერთი და ბელარუსის ორი მოქალაქე.
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მონაწილეობა რუმინეთის ტერიტორიაზე დივერსიულ აქტებში დაგმო. მანამდე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის პროვოკაციების გახშირებაზე.