დღეს, 16 მარტს, "ევროპის სახლში" იტალიის გაერთიანებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით იტალიის საელჩო, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით აწყობს გამოფენას "იტალია საქართველოში: ათასწლოვანი დიალოგი", რომელიც ეძღვნება გასული საუკუნეებიდან დღემდე იტალიელების არსებობის კვალს ჩვენს ქვეყანაში.
როგორც იტალიის ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალიმ საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.
"იტალიის გაერთიანების 150 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება განსხვავებულად უნდა გაგვეკეთებინა საქართველოში. გამოიფინება ის ექპონატები, რომლებიც საქართველოსა და იტალიის კულტურებს აერთიანებს. ეს ყველაფერი ხდება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დიდი მხარდაჭერით და მინდა მადლობა გადავუხადო მათ. მინდა აღვნიშნო, რომ 2011 წლის შემდეგაც საქართველოსა და იტალიის კულტურებს შორის დიდი აქტოვებები იქნება", - განაცხადა სანდალიმ.
სანდალის თქმით, ამჟამად, იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გააქტიურებულია, როგორც ინსტიტუციონალურ და ეკონომიკურ, ისე სოციალურ და კულტურულ დონეზე.
როგორც პრესკონფერენციაზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ განაცხადა, სულ 152 ექპონატი გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის და სხვა ცნობილი ქართველი მოღვაწეების ნამუშევრები იტალიასთან დაკავშირებით და ასევე ფედერიკო ფელინი, ჯუზეპე ვერდის და სხვა ცნობილი იტალიელი მოღვაწეების ნამუშევრები საქართველოსთან დაკავშირებით.
გამოფენაზე წარმოადგენენ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ექსპონატებს. გამოფენაზე იტალიის პრეზიდენტის ჯორჯო ნაპოლიტანოს მიერ მინიჭებული სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელს ნინო ანანიშვილს. ეს ორდენი ენიჭებათ მათ, ვისაც დიდი წვლილი შეაქვს ხალხებსა და კულტურებს შორის ურთიერთობის ურთიერთობის გაღრმავებაში.