გურჯაანის რაიონში მდებარე ვაჩნაძიანის ყველაწმინდის IX საუკუნის ტაძარში სართულთშორისი გადახურვა ჩამოინგრა. ნაგებობა, რომელიც ქართული არქიტექტურის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, ძლიერადაა დაზიანებული. ეკლესიაში სახურავიდან წყალი ჩადის, დაბზარულია თითქმის ყველა კედელი ჩამონგრევაზეა ჭერი.
ეკლესია კუპელ - ჰალეს ტიპს მიეკუთვნება. მისი ძირითადი ნაწილი შეადგენს წაგრძელებულ ნავს, რომლის ცენტრშიც აღმართულია სიგრძივი კედლების შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათი. შუა ნავის გარშემო მოთავსებულია გარშემოსავლელი, აგრეთვე სადიაკვნე და სამკვეთლო.
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა სოფლიდან 8 კილომეტრის მანძილზეა, ტყეში. ტაძრისკენ მიმავალი გზა დახრამულია. ეკლესიამდე ორხიდიანი მანქანით ასვლაც შეუძლებელია.
დიდი ხნის განმავლობაში ეკლესია მიტოვებული იყო. ტაძრის გარშემო ტერიტორია გაუვალი მცენარეული საფარისგან 2006 წელს გაიწმინდა.
ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი 2009 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.