ისრაელის დაზვერვამ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) გააფრთხილა, რომ ირანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას გეგმავს, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ამ ინფორმაციამ გავლენა მოახდინა ტრამპის მიდგომის ცვლილებაზე თეირანთან მოლაპარაკებების საკითხში.
ამის შესახებ გამოცემა Israel Hayom წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების, მათ შორის წინასწარი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ მიერ CIA-სთვის მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც, ირანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე თავდასხმას გეგმავს.
ისრაელისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ამ მუქარებმა თეირანთან მოლაპარაკებების მიმართ ტრამპის მიდგომის ბოლოდროინდელ ცვლილებაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
მათივე ცნობით, ისრაელმა ამერიკული მხარის თხოვნით სადაზვერვო ინფორმაცია გადაამოწმა. „მოსადის“ მიერ მოპოვებული ცნობები კონკრეტულ საფრთხეებზე მიუთითებს, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონების გამოყენებით შესაძლო თავდასხმებზე.
გამოცემის წყაროების განცხადებით, ირანის გეგმების შესახებ ისრაელის დაზვერვის ინფორმაცია კიდევ ერთმა დასავლურმა სადაზვერვო უწყებამაც დაადასტურა.
შესაძლო საფრთხის გამო, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც თავდასხმის რისკის ჯგუფში შეიძლება შედიოდნენ, ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებზე საჯარო გამოსვლები შეზღუდეს. ზოგიერთი მათგანი კი უსაფრთხოების მიზნით დროებით საცხოვრებელი სახლებიდან უფრო დაცულ ადგილებში გადავიდა.
ასევე შეიზღუდა დონალდ ტრამპის საჯარო გამოსვლები და მათთვის უსაფრთხოების სპეციალური ზომები დაწესდა.
გარდა ამისა, გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის განზრახვა, თავდასხმა მიეტანა აშშ-ის მაღალჩინოსნებზე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ ტრამპმა თეირანთან მოლაპარაკებების მიმართ მიდგომა შეცვალა და მაისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა გაააქტიურა.