აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მზადების პროცესში რამდენიმე ახალი იდეა გამოიკვეთა, რომლებმაც შესაძლოა მოლაპარაკებებში გარღვევა უზრუნველყოს ან ახალი წინადადებების საფუძველი გახდეს.
ამის შესახებ კუშნერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, სამმხრივი შეხვედრებისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შემდგომი განხილვების შემდეგ, ის და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთთან, უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციებს განაგრძობენ.
„ამჟამად ჩვენი ყურადღება მოსკოვსა და ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობასა და სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის მომზადებაზეა მიმართული.
ამ განხილვების შედეგად რამდენიმე ახალი იდეა გამოიკვეთა, რომლებსაც ამჟამად ვსწავლობთ. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა უშუალოდ მოლაპარაკებებში გარღვევა გამოიწვიოს, სხვა კი ახალ წინადადებებად ჩამოყალიბდეს და არსებული უთანხმოებების დაძლევას შეუწყოს ხელი“, - წერს კუშნერი.
კუშნერის განცხადებით, მედიაში აქტიურად შუქდებოდა ორივე მხარის მაქსიმალისტური პოზიციები და მკვეთრი პოლიტიკური რიტორიკა.
კუშნერის განცხადებით, დახურული განხილვების დროს ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ომის შესაჩერებლად პრაქტიკული კომპრომისებია საჭირო.
ის აღნიშნავს, რომ ტრამპის პოზიციით, მყარი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და ომის შემდგომი პერიოდის უსაფრთხოების დეტალური და რეალისტური შეთანხმებები, რომლებიც ახალი ომის დაწყების რისკს შეამცირებს.
„ნატო ევროპული უსაფრთხოების მთავარ საყრდენად დარჩება. ამ სისტემას გააძლიერებს სამხედრო სფეროში, კომუნიკაციების მიმართულებით, კონფლიქტების პრევენციისა და ურთიერთდაძაბულობის შემცირების კუთხით გაუმჯობესებული მექანიზმები, ასევე დავების პრაქტიკული გზით მოგვარების საშუალებები, სანამ ისინი კრიზისში გადაიზრდება.
სწორედ ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ განხილვებში ჩვენი ევროპელი პარტნიორები უშუალოდ ჩავრთონ. ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება შესაბამის მხარეებთან უნდა იყოს შეთანხმებული, ხოლო პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას და შეამცირებს მომავალში კონფლიქტების ალბათობას“, - აღნიშნა კუშნერმა.