აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ შესაძლოა ირანზე ახალი დარტყმებისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანის ან ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების მხრიდან ახალი პროვოკაციები არ იქნება.
ამის შესახებ Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა.
მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ტრამპს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, როგორ დაასრულოს კონფლიქტი, რომელიც თებერვალში ისრაელთან ერთად დაიწყო.
წყაროების ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრებისა და დაზვერვის რამდენიმე ბრიფინგის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი დარტყმებისგან თავის შეკავების შესაძლებლობას განიხილავს.
ტრამპი რეგიონელ მოკავშირეებს დაჰპირდა, რომ ირანზე დარტყმებს არ განაახლებდა, თუ თეირანის ან მის მიერ მხარდაჭერილი ძალების მხრიდან ახალი პროვოკაციები არ იქნება. ამასთან, მან განაცხადა, რომ ესმის მოკავშირეების პოზიციის, რომლებიც აშშ-ს ირანთან სრულმასშტაბიანი ომის განახლებისგან თავის შეკავებას სთხოვენ.
„შემეძლო, ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ დამესრულებინა, მაგრამ იმ ქვეყნების თხოვნით, რომელთა დაცვასაც ვცდილობ, ამ პროცესს შედარებით ხანგრძლივი და უფრო ცივილიზებული გზით მივყვებით“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის მაღალჩინოსნისა და საკითხის მცოდნე კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტრამპმა სატელეფონო საუბრები გამართა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და მათ აზრი ჰკითხა. ორივემ მას ირანზე დარტყმების განახლებისგან თავის შეკავება ურჩია. წყაროების ცნობით, ტრამპს არც ერთ მათგანთან კონკრეტული დაპირება არ მიუცია.
31 ოქტომბერს ტრამპმა ბინ სალმანს უთხრა, რომ ირანზე დარტყმების განხორციელებას არჩევნების შემდეგ გეგმავდა. თუმცა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მას ამისგან თავის შეკავება სთხოვა და აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები შედეგს უკვე იძლევა. ამის შესახებ კიდევ ორმა წყარომ განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 ოქტომბრიდან ტრამპი ერდოღანს ტელეფონით სამჯერ ესაუბრა. 7 ნოემბრის საუბრის შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმული იყო ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობა.
ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა და ეკონომიკური სანქციები ირანის ეკონომიკას აზარალებს და თეირანზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამის შესახებ ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
რამდენიმე თვეა, რაც აშშ ირანის საზღვაო ბლოკადას ახორციელებს. ამასთან, ამერიკელი სამხედროები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ირანში იარაღისა და სანქციებს დაქვემდებარებული სხვა საქონლის შეტანას როგორც სახმელეთო გზით, ისე კასპიის ზღვის გავლით.
ამასთან, ამერიკელთა 70%-ზე მეტს სურს, რომ ახალმა კონგრესმა ირანთან ომის დასრულების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღოს.